საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია – ,“გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გამართა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გახსნა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ბაია კვიციანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ.
გამომსვლელებმა, საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული ვითარება შეაფასეს და აღნიშნული პროცესის ხელშეწყობაში, ათეასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების მეორე ნაწილი, პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფონზე წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა სოფო რუსეცკიმ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ, მონაწილეებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
აღნიშნულ პროცესში ათეას ჩართულობაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” წამყვანმა კონსულტანტმაც.
თამარ ფრანგიშვილმა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ძალისხმევის კოორდინაციაში ათეას მზარდ როლზე გაამახვილა ყურადღება და მიმდინარე პროცესებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას 2023 – 2025 წლების პრიორიტეტები გააცნო.
კონფერენციის მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებას, ასევე საშუალება მიეცა დეტალურად გაცნობოდა დროის გამოყენების კვლევას საქართველოში და მის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში.
აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენდერული მონაცემების სპეციალისტმა, ნათია მესტვირიშვილმა და საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ბურძენიძემ.
დღესვე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველმა პირებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ გენდერულ და სხვა დარგობრივ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გაიარონ კონსულტაციები და დაინტერესების შემთხვევაში განახორციელონ პროექტი, კვლევა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვა შესაბამისი ღონისძიებები.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.
ქარტიის დოკუმენტს ამჯერად, ზუგიდიდის, ბაღდათის, ზესტაფონის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ ათეას ადვოკატირებით, ქარტიას სულ 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, თუმცა შეხვედრაზე, ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც დააფიქსირეს.
კონფერენციას, რომელიც სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ გაიმართა, ფასილიტაციას უწევდნენ, ათეას აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ანალიტიკოსი, მარიამ ჯობავა და მმართველობისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის პროგრამის სპეციალისტი, თამარ ვაშაკიძე.
ღონისძიება, პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ, საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ლოკალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობას მოიცავს.
Add comment