საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს XXXIX სხდომაზე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
როგორც ასოციაციის ახლადარჩეულმა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა – გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გენდერული თანასწორობის პლატფორმა, ათეა-ს პრეზიდენტის – კახა კალაძის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.
„2018 წელს, ათეას მაშინდელმა აღმასრულებელმა საბჭომ, ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში, თანასწორობის საკოორდინაციო მექანიზმი თავისივე შემადგენლობიდან, ხმათა სრული უმრავლესობით დაამტკიცა. დღეს გამართულ სხდომაზე კი, მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ეს მექანიზმი შედარებით განსხვავებული და რაც მთავარია, დახვეწილი ფორმით დამტკიცდა, რაც საბჭოს მუშაობას კიდევ უფრო წარმომადგენლობითსა და მოქნილს გახდის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და განმარტა, რომ ათეას გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, ასოციაციის წევრების გარდა, დამატებით, თბილისისა და დანარჩენი ათი რეგიონის წარმომადგენლები შეუერთდებიან.
როგორც, ასევე, ათეა-ს ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა – არჩილ ჩიქოვანმა აღინიშნა, ასოციაცია, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, წევრ მუნიციპალიტეტებში აქტიურად ახორციელებს თემატურ ღონისძიებებს, თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად, საბჭოში აუცილებელია რეგიონული ბალანსის დაცვა და იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებიც კონკრეტულად აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.
დისკუსიის შემდეგ, სხდომის წევრებმა ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოში, პირველ ეტაპზე, თბილისის გარდა, სამცხე-ჯავახეთიდან -ნინოწმინდის, ქვემო ქართლიდან – გარდაბნის, ასევე, გურიიდან – ოზურგეთისა და მცხეთა-მთიანეთიდან – მცხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაამტკიცეს.
კერძოდ, საბჭოს ახალ შემადგენლობას – ნინოწმინდის მერი – ანივარდ მოსოიან, თბილისისა და გარდაბნის საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭების თავმჯდომარეები – თინათინ ნიბლოშვილი და თამარ ხაჩიძე და ასევე, ოზურგეთისა და მცხეთის საკრებულოების წარმომადგენლები-მარიკა ჩხიკვიშვილი და შორენა ნოზაძე-ბერიძე შეუერთდნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომაში, რომელიც ათეასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში მოეწყო, საბჭოს წევრების გარდა, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და აღნიშნული პროექტის კოორდინატორი – ნათია ღვინაშვილიც იღებდა მონაწილეობას.
„მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენი გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრებს და აღვნიშნო, რომ საბჭო განახლებული ფორმატით უახლოეს მომავალში გამართავს სხდომას, სადაც მის შემადგენლობას აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და შიდა ქართლის თვითმმართველობის ორგანოებში არჩეული ის წარმომადგენლები შეუერთდებიან, რომელთა კანდიდატურებზეც, ათეას აღმასრულებელი და გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოები შეჯერდებიან“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
Add comment