მოქალაქეთა ჩართულობის CLLD მეთოდოლოგიისა და N4ED-ს ფარგლებში მიმდინარე „საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის“ შესახებ ინფორმაცია, დასავლეთ საქართველოს შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც მოისმინეს.
ინფორმაციული შეხვედრები, რომლებიც ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა.
ასოციაციის ექსპერტებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას იმ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც აღნიშნული პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, კონკურსის შედეგად საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მათივე განცხადებით, კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრამდე გამოვლინდება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტებმა შეხვედრებზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის დამკვიდრებისთვის შემუშავებულ ახალ ინიციატივებზეც ისაუბრეს.
მათი განმარტებით, მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობითი მართვის ახალი მექანიზმის დასანერგად, ათეა-ს, თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგად მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დამატებითი მექანიზმის შემოტანას და ამოქმედებას.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ექსპერტებმა ანალოგიური შეხვედრები რამდენიმე რეგიონში გამართეს, სადაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო მიწვეული.
Add comment