საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან – მარიტე მორასთან, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან – ნინო ქავთარაძესთან და გიორგი ღურჯუმელიძესთან, ასევე აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მელუასთან ერთად საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში – “ღია მმართველობა ადგილობრივ დონეზე – ქალაქები იწყებენ ქმედებას” მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც OGP-ის, ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა, ქალაქ რუსთავში მოეწყო და მას უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები ესწრებოდნენ.
თამარ ტალიაშვილმა 2012 წლიდან საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესსა და მმართველობის გამჭვირვალობის პრინციპების დანერგვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში დედაქალაქის მოქალაქეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს გაუსვა ხაზი.
მანვე ამ მიმართულებით ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ,,ჩემი იდეა თბილისის მერს“ პირველი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ჩართულობის ახალი პლატფორმის შესაქმნელად.
,, OGP-ის წევრობის 7 წლისთავზე ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესის ასეთი მაღალი აღიარება ევროსაბჭოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოწვევები არის, მაგრამ მიღწეული პროგრესი დასტურია იმისა, რომ მათი დაძლევის უნარი გაგვაჩნია,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დავით მელუამ, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეებმა – ნინო ქავთარაძემ და გიორგი ღურჯუმელიძემ კი, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულ სესიაში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ისაუბრეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა კონფერენციის ორგანიზატორებს აღნიშნულ ფორმატში ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს და საკუთარ მუნიციპალიტეტებში OGP- ის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
სესიაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა – ნინო ზურაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მუნიციპალურ მმართველობაში გამჭვირვალობასა და ღიაობაზე ისაუბრა.
ღონისძიება, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა – ირაკლი ტაბაღუამ გახსნა ქალაქ რუსთავის დაარსების 70 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი ქალაქების გამოცდილება გაუზიარეს.
როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.
Add comment