საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და აპარატის ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს – მადარა სილინას და ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს.
ათეა-ს წარმომადგენლებმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციისა და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ასოციაციის პარტნიორობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაში.
ლატვიის დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიოდნენ, პრეზენტაცია სახელწოდებით – ,,რიგა – დაგეგმარების და შესაძლებლობების რეგიონი’’ გამართეს, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ერთმანეთს ქვეყნებში განხორციელებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
Add comment