საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
გურიის რეგიონის შემდეგ „ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, თვითმმართველობის ექსპერტთან – დავით ზარდიაშვილთან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კურატორებთან – თორნიკე ნადირაშვილთან და გიორგი ლომსაძესთან, ასევე ასოციაციის წარმომადგენელთან – გიორგი ისაკაძესთან ერთად, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორს – ლევან შონიას შეხვდა.
მხარეებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აღნიშნული საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
დღესვე ,,ათეა“-ს წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, რომელებიც სწორედ რეგიონებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.
მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნული რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციის როლზე იმსჯელეს.
შეხვედრა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოეწყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მერიებისა და საკრებულოების ხელმძღვანელმა პირებმა ,,ათეა“-ს წარმომადგენლებს მჭიდრო კოორდინაციისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი ურთიერთთანამშრომლობით თვითმმართველობების მუშაობა კიდევ უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდება.
Add comment