საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ასოციაციის პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, თვითმმართველობის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში 2014 წლიდან დაწყებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და ფინანსური რესურსი მიენიჭა.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი დეცენტრალიზაციის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა, რაზეც ჩვენ მიერ უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ცხადად მეტყველებს. მათ შორის, აღსანიშნავია, 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, რაც არჩეული პირის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო ზრდის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები მოქალაქეები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს“, – განაცხადა ათეა-ს პრეზიდენტმა.
კახა კალაძემ ქალაქის მართვაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ფორუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა – გიორგი ტყემალაძემ, პრემიერ-მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმართეს.
Add comment