საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ექსპერტებმა, ათ საპილოტე მუნიციპალიტეტში, ტრენინგების ციკლი „ადგილობრივ დონეზე საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგიაში“ ჩაატარეს.
ტრენინგებმა, რომლებიც მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 17 მაისამდე გაგრძელდა, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ამბროლაურის, ასევე, ახალციხის, ქარელის, დუშეთის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტები მოიცვა.
ტრენინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგიასა და ინსტრუმენტებს, კვლევის ეტაპებს და შესასრულებელი სამუშაოს აღწერას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, პროექტს „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებულ სოციალურ პროგრამირებაში“ ახორციელებს, რომელიც თვითმმართველ ერთეულებს ბავშვის საჭიროებაზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავებაში ეხმარება.
პროექტის ამოცანაა, ადგილობრივი სოციალური პროგრამირების სრული ციკლისთვის განხორციელდეს საჭიროებათა კვლევა – პროგრამების შემუშავება და მისი მონიტორინგი, ასევე, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა და დანერგვა ათ საპილოტე მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და პროექტის ექსპერტებს შორის სამუშაო პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტიანს ხდის.
Add comment