საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა საქართველოს პარლამენტში, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის – მაია ცქიტიშვილის მოხსენებას გამოეხმაურა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი შეაფასა.
,,მინისტრმა ამ თემით დაიწყო თავისი გამოსვლა და მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სხვადასხვა ასპექტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც შესაძლებელია, რომ ადგილობრივი საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი წილის გადაწყვეტა გადავიდეს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებაში და შეიქმნას ჯანსაღი ბალანსი მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის,“ – განაცხადა დავით მელუამ.
მისივე თქმით, 2017 წელს შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ახალი, დამატებითი კონსტიტუციური გარანტიები – სუბსიდიარობის პრინციპი, უფლებამოსილების ექსკლუზიურობა და სისრულე, ასევე – ფინანსური სახსრების შესაბამისობა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებთან.
„ამ პრინციპებზე დაყრდნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პირველადი პროექტი. ასევე, შემუშავების პროცესშია სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მზაობას მწყობრი და ეფექტიანი ნაბიჯებით მიაღწიოს დასახულ მიზანს და შედეგად მივიღოთ უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული თვითმმართველობა,“- აღნიშნა დავით მელუამ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარუდგინა.
Add comment