საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესში ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წევრი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ქავთარაძე, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში, 31 მარტს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფება.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციას, რომელიც 20 ქვეყნიდან წარმოდგენილი 22 დამკვირვებლისგან შედგება, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, აღნიშნული კონგრესის წევრი – ენდრიუ დავსონი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ თურქეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადაც მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონგრესის წევრები დღეს თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს. 31 მარტს კი, დელეგაცია ათ ჯგუფად დაიყოფა და არჩევნების პროცესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დააკვირდება.
თურქეთის ადგილობრივი არჩევნების შესახებ წინასწარი შეფასებებისა და მონიტორინგის შედეგები 1 აპრილს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.
Add comment