საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო.
„ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ექსპერტთან – დავით ზარდიაშვილთან ერთად, გურიის გუბერნატორს – მერაბ ჭანუყვაძეს, ასევე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ნათია ღვინაშვილმა თვითმმართველობათა ორგანოების წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებსაც „ათეა“ მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს.
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნული რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციის როლზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი მუშაობითა და მეტი კოორდინაციით შესაძლებელი გახდება თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლება და ადგილებზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ანალოგიურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.
Add comment