საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის – ნათია ღვინაშვილის ხელმძღვანელობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გურიის, სამეგრელოსა და რაჭის შემდეგ, ,,ათეა“-ს წარმომადგენლები ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლებასა და ადგილზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ბათუმის შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან გამართეს შეხვედრა.
მხარეებმა იმ გამოწვევებზე და საჭიროებებზე იმსჯელეს, რომლებიც აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. ,,ათეა“-ს წარმომადგენლებმა, კი თავის მხრივ ასოციაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის პროექტები, რომლებსაც ასოციაცია ახლო მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს.
ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.
Add comment