საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები – ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
,,წელს სხვადასხვა სფეროებში, კიდევ 12- მა მუნიციპალიტეტმა შექმნა კარგი პრაქტიკა. 12 ჯილდო, კი მეტყველს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი თვითმმართველობის სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს წარმატებებს, რაც ჯეროვნად უნდა იყოს აღნიშნული, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.
ვფიქრობ, წინა წლების მსგავსად, მუნიციპალიტეტებს წელს გამართული კონფერენციაც აუმაღლებს მოტივაციას და საქართველოს თემებსა და ქალაქებში კვლავ გაგრძელდება კარგი პროგრამების განხორციელება“,- განაცხადა დავით მელუამ და UNDP-ის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა და UNDP-ის პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” მენეჯერმა – თინათინ ტყეშელაშვილმა, რომლებმაც თვითმმართველ ერთეულებს შორის ჯანსაღი შეჯიბრებითობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
პროგრამის ექსპერტმა – ნინო ზურაბიშვილმა კი, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა მიმოიხილა და სტუმრებს მისი მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ათეა-ს ექსპერტის განმარტებით, BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 12 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა გამოავლინა.
კერძოდ, კონკურსში, ხარაგაულისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეთა მონაწილეობის, სენაკისა და ცაგერის თვითმმართველმა ერთეულებმა კი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით განხორციელებული პროგრამებით გაიმარჯვეს.
გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით დაჯილდოვდნენ ზუგდიდისა და ქედის მუნიციპალიტეტები, ხოლო ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციისა და ჩართულობის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები, ბოლნისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა გადაინაწილეს.
ღია მმართველობის, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის საჯაროობით გამოირჩეოდა თვითმმართველი ქალაქი – ფოთი. ნომინაციაში მდგრადი ურბანიზაცია, რევიტალიზაცია და მწვანე ურბანული ეკონომიკა კი, ჯილდო ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ერგო.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაწესებულ პრიზებს, ისინი ლაგოდეხისა და ხელვაჩაურის თვითმმართველმა ერთეულებმა მოიპოვეს.
COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობისა და პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის კი, ყველაზე მაღალი ქულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამა შეფასდა.
თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები მზია გიორგობიანმა და ნიკო თათულაშვილმა გადასცეს,
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში – „ბილთმორ თბილისი“ გამართული ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო ჰიბრიდულ ფორმატსაც მოიცავდა, Zoom-ის პლატფორმისა და Facebook Live -ის საშუალებით მიმდინარეობდა და მას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.
პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
Add comment