ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვისა და დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები დაიწყო.
დღეს, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და მისი მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – მზია გიორგობიანთან ერთად მცხეთა – მთიანეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წევრებს შეხვდნენ.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
შეხვედრები, რომლებიც მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ჩატარდა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.
მცხეთა – მთიანეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წევრებმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვედრების ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, სტრატეგიის დოკუმენტზე მსგავს ფორმატში მსჯელობა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესებზე იქნება მორგებული.
საკონსულტაციო შეხვედრებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტთან – კახა გურგენიძესთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან – ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ანალოგიური შეხვედრები, რომელსაც ასოციაცია (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს, დასავლეთ საქართველოს მსგავსად, აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
Add comment