საბჭოს წევრებმა სხდომის თავმჯდომარედ ,,ათეა”- ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, რის შემდეგაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი დელეგაციების კანდიდატურებზე იმსჯელეს.
სხდომის მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში-„CEMR” დელეგაციის ძირითად შემადგენლობას, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი-თამარ ტალიაშვილი, ასევე მცხეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები -ბექა ხალიბეგაშვილი და სალომე ღონღაძე წარმოადგენენ.
შემცვლელ წევრებად კი ხაშურის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატები – ანა ხარებავა, ოთარ ლორთქიფანიძე და ნატალია ზოიძე დასახელდნენ.
,,ათეა“ ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში ,,CEMR’’ 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს ისეთი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდობის მონაწილეობა მართვაში, ენერგო ეფექტურობა და მიგრაციის საკითხები.
საბჭოს წევრებმა ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში -,,CORLEAP’’ მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს.
გიორგი ტყემალაძემ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს დელეგატებად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი სანდრო სორდია წარუდგინა.
სხდომის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დელეგაციას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ნინო ლაცაბიძე უხელმძღვანელებს.
დღეს გამართულ შეხვედრაზე სხდომის თავმჯდომარემ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ევროპულ პლატფორმაზეც ისაუბრა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ევროპული პლატფორმის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ დელეგაციაში საქართველოს წარმომადგენლად ,,CEMR’’ – ის ახლად არჩეული წევრი, ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი- თამარ ტალიაშვილი დაასახელა.
სამივე დელეგაციის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
სხდომას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დარბაზში გაიმართა, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების გარდა წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
Add comment