„საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფოს და თქვენი ქვეყნის ამ ნაწილების ე.წ. დამოუკიდებლობა მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის”,- აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა – ტინი კოქსმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარულ სესიაზე გააკეთა.
,,ის, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ისინი უნდა რეინტეგრირდნენ საქართველოს სახელმწიფოში.2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ვეწვიე საქართველოს და ვიყავი რუსეთშიც, როგორც საპრეზიდენტო კომიტეტის წევრი, ვიყავი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და მართლაც შევწუხდი იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მონიტორინგის მომხსენებლები მალე შეძლებენ თქვენს ქვეყანაში ვიზიტის განხორციელებას, ასევე, თუ მოახერხეს, ვიზიტს აფხაზეთში და შემოგვთავაზებენ გარკვეულ წინადადებებს“, -განაცხადა ტინი კოქსმა.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ – ლევან ჟორჟოლიანმა, ტონი კოქსს დელეგაციის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
,,დიდად ვაფასებთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციებში ადეკვატურად ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. რუსეთის ქმედებების მოდელი და სცენარები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში ერთნაირია. 12 მარტს, მორიგი, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში. მომავალ თვეში, 10 აპრილს, ასეთივე უკანონო ქმედებაა დაგეგმილი ცხინვალის რეგიონში, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აღნიშნული ე.წ. არჩევნები უკანონო და ბათილია და რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობას წარმოადგენს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ ევროსაბჭომ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
ქართულმა დელეგაციამ, აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა კონგრესის პრეზიდენტს – ლინდერტ ვერბეკს, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი „არჩევნების“ ორგანიზებით, აფხაზეთის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღრმავებს რეგიონის იზოლაციას, რითაც ზიანი ადგება ადგილობრივ მოსახლეობას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესი ყოველთვის გამოხატავდა ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისადმი. აღნიშნული პრინციპი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში.
როგორც საქართველოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ქართველი ხალხი ინფორმირებულია ევროსაბჭოსა და კონგრესის მხარდაჭერის შესახებ და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეს თანადგომა.
Add comment