ადგილობრივ დონეზე, შშმ პირთათვის საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, სემინარი სახელწოდებით – ,,შშმ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა და უფლებების დაცვა ადგილობრივ დონეზე: ადგილობრივი ხელისუფლების როლი“ გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ათეასა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყო.
სემინარში კონგრესის, ასევე ათეას ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის, აღმასრულებელი საბჭოსა და აპარატის წარმომადგენლები, 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირები, აღნიშნულ თემაზე მომუშავე საბჭოების წევრები და ომბუდსმენის ცენტრალური და რეგიონული ოფისის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
შეხვედრა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან – ნატალია ვუტოვასთან და ადამიანის უფლებებზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მომხსენებელთან, ჰარალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.
გამომსვლელებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიმართულებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლზე გაამახვილეს ყურადღება.
გიორგი ტყემალაძემ, აღნიშნულ პროცესში ათეას ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ათეა, როგორც მუნიციპალიტეტების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, აქტიურად არის ჩართული კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის პროცესში. გარდა ცალკეული სოციალური დაცვის და მატერიალური დახმარების პაკეტებისა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროგრამები, რომლებიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც ათეას ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პროგრამები, ვერ იქნება საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, სპეციალურ საბჭოებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიზანიც შშმ პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად კონკრეტული წინადადებების შემუშავებას წარმოადგენს.
„მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, რაც დაგვეხმარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და მიდგომების დახვეწაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სემინარს, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელთან, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსთან – მარიტე მორასთან ერთად, მოდერაციას უწევდნენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები – ჯონ ვედჰამი, ნინო ზურაბიშვილი და ანა აბაშიძე.
პირველ სესიაზე ჯონ ვედჰამმა პრეზენტაცია წარმოადგინა და ადამიანის უფლებების უნივერსალური პრინციპები მიმოიხილა. რის შემდეგაც ნინო ზურაბიშვილმა შშმ პირების უფლებების საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩო – სტანდარტებსა და მათი ლოკალიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ამ მიზნით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ათეა-ს მიერ მომზადებული შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის სამართლებრივი დასკვნა და საკანონმდებლო წინადადება. ამავე სესიაზე აქცენტი გაკეთდა სახალხო დამცველის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების მონიტორინგის ანგარიშის ძირითად მიგნებებზეც.
შეხვედრაზე საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მოკლე პრეზენტაციებიც მოეწყო, რომლებიც კოლეგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია ჩაკვეტაძემ გაუზიარეს.
დღესვე, სემინარის მონაწილეებმა, ადგილობრივ დონეზე, შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავებისთვის, მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის, ასევე მუნიციპალური სამართლებრივი აქტების გავლენის შეფასების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციულ დისკუსიაში. სესიაზე, ექსპერტების, ნინო ზურაბიშვილისა და ანა აბაშიძის მიერ, წარმოდგენილი იყო მუნიციპალური აქტების შშმ პირებზე გავლენის შეფასების საკონტროლო სიაც, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის წარმომადგენლებმა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობითა და ადგილობრივი კონტექსტისა და სპეციფიკის გათვალისწინებით შეიმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას შშმ საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, სიმონ პეტრიდისიც ესწრებოდა, რომელმაც სესიის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.
სემინარი ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ, მარიტე მორასმა, ასევე საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის უფროსმა ოფიცერმა – ნინა გელაშვილმა შეაჯამეს და შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
სემინარი პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
Add comment