1.1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია ადგენს რომ ადამიანის უფლებათა დაცვა საჯარო მმართველობის მთლიანი სისტემის ამოცანაა.
1.2 ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქესთან ყველაზე ახლოს მდგომი საჯარო მმართველობის რგოლი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურების მიწოდებაში. დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, 2018-2019 წლებში მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ძალითაც მუნიციპალიტეტებს საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებაში გადაეცათ ადამიანის უფლებების და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული რიგი ამოცანები.
1.3. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, საჭიროებს ისეთ სტრატეგიას და ორგანიზაციულ სტრუქტურას, რაც საშუალებას მისცემს აქტიურად იმუშაოს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის მისაღწევად წევრ მუნიციპალიტეტებში.
1.4. ამ გამოწვევიდან გამომდინარე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ქმნის ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის კომიტეტს (შემდგომში “კომიტეტი”), რომელიც დაკომპლექტებულია ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ასოციაციის აპარატის წარმომადგენლებით.
2.1 კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის შესახებ, შეიმუშაოს ასოციაციის სტრატეგია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და კოორდინაცია გაუწიოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.
2.2 კომიტეტის კონკრეტული ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის სფეროში ასოციაციის სტრატეგიის შემუშავება
ბ) მუნიციპალიტეტებისთვის კონსულტაციის გაწევა ამ სფეროში კანონით გათვალისწინებული ამოცანების სწორად და ეფექტიანად შესრულებაში;
დ) მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ინიციატივების კოორდინაცია.
3.1 კომიტეტი დაკომპლექტებულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებით, ვინც გამოხატავს ამ ჯგუფში ჩართვის ნებას. ასევე ასოციაციის თანამშრომლებით:
3.2. კომიტეტის შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე.
3.3 კომიტეტის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულნი იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, საერთაშორისო პარტნიორების და დონორის წარმომადგენლები.
4.1. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს პარტნიორობის, საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით.
4.2 კომიტეტის მუშაობის ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას ახდენს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აპარატი.
4.3. კომიტეტის საქმიანობის ფორმები
4.3.1 კომიტეტის მუშაობის ფორმაა სხდომების გამართვა. სხდომებს ესწრებიან წევრები და მოწვეული სტუმრები.
4.3.2. კომიტეტის მუშაობის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები ასოციაციის სტრატეგიის დოკუმენტის პროექტზე, ასევე რეკომენდაციები ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციისთვის.
4.4 კომიტეტის სხდომა
4.4.1 სხდომის მოწვევა ხდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტთან შეთანხმებით.
4.4.2. სხდომის მასალების მომზადებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია. სხდომის დღის წესრიგის პროექტი და მასალები მონაწილეებს ეგზავნებათ სხდომის თარიღამდე 5 დღით ადრე.
4.4.3 დღის წესრიგის პროექტი დგება სხდომის თარიღამდე 7 დღით ადრე. მონაწილეებს უფლება აქვთ მიმართონ ასოციაციის აპარატს სხდომის დღის წესრიგის პროექტში კონკრეტული საკითხის შეტანისთვის სხდომის დაწყებამდე 24 საათით ადრე. ყოველი სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება ამ სხდომის დაწყებამდე.
4.4.4 სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება მონაწილე მხარეთა წარმომადგენლების ნახევარზე მეტი;
4.4.5. სხდომის ფასილიტაციას ახდენს კომიტეტის თავმჯდომარე. საკითხების განხილვა და მომხსენებელთა გამოსვლები მიმდინარეობს დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.
4.2.6 კომიტეტის მიერ ინიშნება მდივანი, იგი აწარმოებს სხდომის ოქმს. სხდომის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, სხდომის ოქმი ვადაში მიეწოდება სხდომის მონაწილეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მას შემდეგ რაც სხდომის ოქმის სისწორეს დაადასტურებს დაუქმებული სხდომის მონაწილეთა ნახევარი მაინც, ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.
4.2.7. კომიტეტის სხდომების ოქმები, ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, მონაწილეთა სარეგისტრაციო ფურცლები ინახება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში და იგი საჯაროა.
5.1 კომიტეტის დოკუმენტია სხდომის ოქმი, რომელიც ასახავს წევრთა მოსაზრებებს განსახილველ საკითხ(ებ)ზე და კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებას
5.2 სხდომის ოქმიდან შეიძლება გაკეთდეს ამონაწერი და კონკრეტული რეკომენდაციის სახით დაეგზავნოს მუნიციპალიტეტებს
5.3 კომიტეტის მუშაობის საბოლოო დოკუმენტია ასოციაციის სტრატეგია ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის სფეროში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.
6.1. კომიტეტის საქმიანობის ვადის გასვლის თარიღი განისაზღვრება ასოციაციის სტრატეგიის დოკუმენტის ა.თ.ე.- ს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცების თარიღით.
6.2. ამ დებულებაში განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მოხდეს კომიტეტის მანდატის მოდიფიკაცია და გადაწყვეტილების მიღება მისი უვადო საქმიანობის შესახებ.
7.1. კომიტეტის საქმიანობა უზრუნველყოფილია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მეშვეობით. შესაბამისად, კომიტეტის წევრთა მონაწილეობა ამ კომიტეტის მუშაობაში უშუალოდ არ გულისხმობს რაიმე სახის ფინანსური ან/და მატერიალური რესურსის გაღების ვალდებულებას.