სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის 50-ე სესიაზე, სტიუარტ დიქსონის მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ქართული დელეგაციის მხრიდან მწვავე პასუხი მოჰყვა.
სხდომაში მონაწილე დელეგაციის წევრებმა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და დელეგაციის ხელმძღვანელის მოადილემ, ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, დოკუმენტში ასახული შეფასებები რეალობასთან შეუსაბამოდ და პოლიტიკურად მიკერძოებულად შეაფასეს.
დებატებისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დიალოგსა და საარჩევნო გარემოზე. დელეგატის განცხადებით, მმართველი გუნდი მუდმივად უსვამს ხაზს კონსტრუქციული დისკუსიის შენარჩუნების აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ ოპოზიციურ პარტიებთან ბოლო პერიოდში გააქტიურებული დიალოგი უნდა შეფასდეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. დეპუტატის თქმით, დიალოგი არის საზოგადოების დეპოლარიზაციისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზა.
ზურაბ აბაშიძემ, ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიის დაგვიანებით მოწვევის თაობაზე და განმარტა, რომ ოფიციალური მიმართვა რეალისტურ ვადებში, საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით გაიგზავნა.
„არჩევნებში ჩართულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზების მაღალი სტანდარტი, მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, ინციდენტების გარეშე და დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აანონსებდნენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ არ იქნებოდა გამოყენებული ორმაგი სტანდარტი და ამ ძალადობას იმავე სულისკვეთებით დაგმობდით, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ხოლმე ძალადობას საკუთარ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თავის მხრივ, ნინო ვარდოსანიძემ რეზოლუციის შინაარსობრივი ნაწილი არაობიექტურად შეაფასა. დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტი ეყრდნობა ორგანიზაცია ISFED-ის დასკვნებს, რომელსაც ხმათა დათვლისას მანიპულირების გამოცდილება აქვს. დელეგატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის „მშვიდობიან პროტესტად“ მოხსენიება და ფეიერვერკის საპროტესტო სიმბოლოდ აღიარება, დოკუმენტის აბსურდულობაზე მეტყველებს.
,,საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, ადეკვატურად უპასუხებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს წარსულს და გონივრულ არჩევანს აკეთებს მომავალზე. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რომლებიც სრულად ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. მათ ხმა მისცეს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და პროგრესს და მტკიცედ დგანან ამ არჩევანზე“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ორ მიმდინარე ომს შორის, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებს, ამ დრომდე ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობისა და პროგრესის გარშემო ერთიანობა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკეთ აცნობიერებენ განვითარებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას ნებისმიერი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 50-ე სესის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის განხილვას დაეთმო. კერძოდ, დელეგატებმა მოისმინეს სტიუარტ დიქსონის მოხსენება, რომელიც ეფუძნება 2025 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს, რომელზეც თემატური დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
აღნიშნულ დებატებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გოგი ფუტკარაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბელა მოსიამ.
