სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი “პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში” (“Patriots for Europe in Congress”) შეიქმნა, რომლის ერთ-ერთ ვიცე-თავმჯდომარედ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს.
“პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში” ამ ეტაპზე 6 ქვეყნის – საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება. პოლიტიკურ ჯგუფს უნგრეთის წარმომადგენელი ანა მაგიარი ხელმძღვანელობს (Fidesz-KDNP) და მისი ვიცე-თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძესთან ერთად, ჩეხი რიჩარდ ვერესი (ANO 2011) გახდა.
ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თემებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს.
როგორც ნინო ვარდოსანიძე აცხადებს, ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა დროული და აუცილებელი ნაბიჯია. მისი შეფასებით, აღნიშნული პლატფორმა კონგრესის წევრებს შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის პროცესში უფრო აქტიურები და ქმედითები იყვნენ. მისივე განცხადებით, ჯგუფის ფარგლებში წევრებმა უკვე დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მზადყოფნა.
პოლიტიკურ ჯგუფში “პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში” ასევე გაწევრიანდნენ ქართული დელეგაციის წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, გოგი ფუტკარაძე, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ ხაჩიძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური.
კონგრესის ფარგლებში პოლიტიკური ჯგუფების დაკომპლექტება ეტაპობრივად მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ერთიანდებიან.
აღსანიშნავია, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბელა მოსია კონგრესის სოციალისტების, მწვანეებისა და პროგრესული დემოკრატების ჯგუფში გაწევრიანდა, პარტიის ,,გირჩი” წარმომადგენელი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თეკლა მებურიშვილი კი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს შეუერთდა.
