,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიას საქართველოში უკვე 36 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ადვოკატირებით, ამჯერად დოკუმენტს ხარაგაულის, ტყიბულის, ახალციხისა და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულები შეუერთდნენ.
აღნიშნული მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქალთა და კაცთა თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე.
ქარტია, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებს სთავაზობს ინსტრუმენტებს შეიმუშაონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები და ეფექტიანად გამოიყენონ არსებული რესურსები ქალთა და კაცთა თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული ქარტიის ადვოკატირება პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ა.თ.ე.ა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ” ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ა.თ.ე.ა-ს რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
