საერთაშორისო პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ ფარგლებში რუმინეთში გაიმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად სახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას.
საქართველოდან აქტივობებში ჩაერთვებიან ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) წარმომადგენლები — ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა და საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, მარიამ ჯინჭარაძე, ასევე ქართველი სტუდენტები ელენე ტეტუნაშვილი და ელენე რაჭველიშვილი.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა და თემატური აქტივობები, რომლებიც ორიენტირებული იქნება გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის გზებზე, გამოცდილების გაზიარებასა და ეკომეგობრული ქცევის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლებაზე.
მონაწილეები ჩაატარებენ დასუფთავების აქციას ვადუს სანაპიროზე, რაც ხელს შეუწყობს მიკროპლასტმასის შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერებას. ასევე, გაიმართება საგანმანათლებლო-კულტურული ვიზიტი სოფელ იურილოვკაში, რათა გაღრმავდეს ცოდნა ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ.
ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ქალაქ კონსტანცას ისტორიულ ცენტრს, დღის მეორე ნახევარში კი, გაიმართება სპეციალური სესიები, პრეზენტაციები და განხილვები გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ახალგაზრდების როლის შესახებ.
პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება, საქართველოში კოორდინაციას უწევს ა.თ.ე.ა. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოლდოვიდან (ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ევროპასთან ინტეგრაციის სააგენტო), რუმინეთიდან (ასოციაცია პრო ნატურა, გალაცი; მარე ნოსტრუმ ეკოლოგი, კონსტანცა).
„EcoYOU“ მიზნად ისახავს გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, მიკროპლასტმასით დაბინძურების შემცირებასა და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.
