პროექტში – “EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის” ჩართული სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში არსებული ორგანიზაციები საკუთარ ქვეყნებში ეტაპობრივად ახორციელებენ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკომეგობრული ქცევის წახალისებასა და ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის გაძლიერებას.
ივნისის თვის დასაწყისში, საქართველოში ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ, გარემოსდაცვითი აქტივობები მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში გაგრძელდება.
აღნიშნულ პროცესებში საქართველოდან ჩაერთვებიან პროექტის მენეჯერი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ტატიანა ბოკუჩავა და პროექტის ასისტენტი – ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი – მარიამ ჯინჭარაძე, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების პრეზიდენტი – სოსო მეზვრიშვილი და ეკოტოქსიკოლოგი – ხათუნა ახალია.
16-18 ივნისს მოლდოვაში გაიმართება დისკუსიები ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ქცევებზე, ჩატარდება ტრენინგი ეკო-ბანაკის მოწყობის თემაზე, იმუშავებენ ფოკუს ჯგუფები და მოეწყობა ერთობლივი ბანაკი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
18-19 ივნისს პროექტი გაგრძელდება რუმინეთში, სადაც დაგეგმილია მოლდოვაში განხორციელებული ყველა მსგავსი ძირითადი აქტივობა, მათ შორის — დასუფთავების აქციაც, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერებას გარემოსდაცვით ქმედებებში.
ორივე ქვეყანაში გაიმართება შეხვედრები სახელწოდებით „8 ზეგანაკვეთური საათი ეკოლოგიურად დადებითი ზემოქმედებისთვის“. ღონისძიებებზე მონაწილეები მოისმენენ სხვადასხვა დარგის პროფესიონალების გამოცდილებას ეკოლოგიურ საქმიანობასა და მდგრად პრაქტიკებზე, ხოლო ფოკუს ჯგუფების მუშაობა ახალგაზრდებს დაეხმარება ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ინოვაციური ინიციატივების ჩამოყალიბებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ახორციელებს.
„EcoYOU“ მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო სექტორსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტი უწყობს ხელს მდგრადი გარემოს დაცვის განვითარებას და განსაკუთრებით ფოკუსირდება მიკროპლასტმასით დაბინძურების შემცირებაზე წყლის ეკოსისტემებში.
