ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, 3 თებერვალს, ქალაქ სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა საქართველოში 2025 წლის 24–25 სექტემბერს ფაქტების დადგენის მიზნით განხორციელებული ვიზიტის შედეგები, რომელიც წარადგინა კონგრესის დელეგატმა გაერთიანებული სამეფოდან სტიუარტ დიქსონმა.
აღნიშნული მოხსენების შემდეგ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა ზურაბ აბაშიძე. მან 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და 73 მედიასაშუალება აკვირდებოდა.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს კენჭისყრის პროცესის ორგანიზების მაღალ დონეს, ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას, ხმის ფარულობის დაცვასა და პროცედურების გამჭვირვალობას. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, უარყოფითი ტენდენციების გარეშე და სრულ შესაბამისობაში იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან. არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებამდე, ოპოზიციური პარტიები არწმუნებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს,
რომ ახალი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავდა არჩევნების შედეგების გაყალბებას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია არჩევნებისადმი უნდობლობის არგუმენტები. მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა 4 ოქტომბრის არჩევნებს, ჩვენთვის მიუღებელია კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკავებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკურ თანამდებობებს“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი რომ დოკუმენტში 4 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ განვითარებული ძალადობრივი ფაქტები და მოვლენები სათანადოდ იქნებოდა შეფასებული. როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, ანგარიშში ასევე არ არის ნახსენები ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.
„გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და აღნიშნულ ძალადობას იმავე ხარისხით დაგმობდით, როგორითაც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე. აქვე მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ქართველმა დელეგატმა დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი აქტიურად და პოზიტიურად ჩაერთვება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის პროცესში.
„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიტიური განწყობა და მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ევროპული ქარტიის მონიტორინგის მისიასთან. გვჯერა, კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში და მონიტორინგის მისიის დროს მოგვეცემა შესაძლებლობა დეტალურად გავაზიაროთ ჩვენი ხედვები და არგუმენტები“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა დებატები და კენჭისყრა მონაკოსა და მონტენეგროს მონიტორინგის ანგარიშებზე, რის შემდეგაც მონაწილეებმა განიხილეს ბულგარეთსა და სომხეთში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობა, ასევე კოსოვოში, ესტონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სან მარინოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშები. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის დაცვის, არჩეულ წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის საკითხებზე, ასევე უკრაინასა და თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებასა და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობაზე. სხდომის ბოლოს განხილულ იქნა 2026–2027 წლების სამუშაო გეგმა და მომდევნო შეხვედრების თარიღები.
