პროექტის „აგრო-თესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის – SEEDGUARD“ ფარგლებში, 2025 წლის 10–11 აპრილს, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორდღიანი სასწავლო ვიზიტი გაიმართება.
სასწავლო ვიზიტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის პარტნიორები ბულგარეთიდან, თურქეთიდან და რუმინეთიდან.
ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორები ადგილობრივ ფერმერებს, თესლის მწარმოებლებსა და აგრომეწარმეებს შეხვდებიან. სასწავლო ტური გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის შესაძლებლობაა, რაც ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და თესლის დაცვას, აგრობიომრავალფეროვნებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება.
პროექტი SEEDGUARD ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციები: ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (წამყვანი პარტნიორი), აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (თურქეთი), ასოციაცია Global Project (რუმინეთი) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (საქართველო).
პროექტის მიზანია ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და თესლის დაცვა, აგრობიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების შენარჩუნება, სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკოსისტემური სერვისების გაძლიერება.
პროექტი ასევე ისახავს მიზნად ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას, რაც გულისხმობს ძველი, ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციებისა და ბანკების შექმნას ადგილობრივი თემის აქტიური მონაწილეობით.
სასწავლო ტურში მონაწილეობა განკუთვნილია:
- ადგილობრივი ფერმერებისა და თესლის მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბოსტნეულის ტრადიციულ ჯიშებზე მუშაობს
- აგრომეწარმეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, თესლის დაცვასა და სასათბურე მეურნეობაში;
- სპეციალისტებისთვის სოფლის მეურნეობის დარგში;
- სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფლის მეურნეობითა და თესლის წარმოებით;
- ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ სოფლის განვითარების და აგროპოლიტიკის მიმართულებით
სასწავლო ტურში მონაწილეობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თესლის კონსერვაციით, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებით, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებითა და კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობით.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: echkheidze@nala.ge
