საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) მიერ ორგანიზებული 2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის (BPP) ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასება გრძელდება.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შეფასების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პროგრამის მმართველი კომიტეტი მიიღებს.
BPP კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტებში ინოვაციური, ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობის მაგალითების გამოვლენა, კარგი პრაქტიკების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა და წარმატებული შედეგის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მარტის თვეში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენასა და გაზიარებისთვის.
