საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) წარმატებით დაასრულა პროექტი „მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისთვის – EcoYOU“, რომელიც ხორციელდებოდა შავი ზღვის აუზში მდებარე სამი ქვეყნის — მოლდოვის, რუმინეთისა და საქართველოს — ოთხი პარტნიორი ორგანიზაციის ჩართულობით. პროექტში მონაწილეობდნენ ასოციაცია “PRO NATURA”, გალათი, რუმინეთი; არასამთავრობო ორგანიზაცია “Mare Nostrum”, კონსტანცა, რუმინეთი; და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა).
EcoYOU პროექტის ფარგლებში ა.თ.ე.ა აქტიურად უწყობდა ხელს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საზღვრებს შორის თანამშრომლობის გამყარებას. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა შესაძლებლობების განვითარების სესიები და ცნობიერების ამაღლების აქტივობები.
ა.თ.ე.ა-ს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგები და სემინარები შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტების 96 თანამშრომლის მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი უნარები გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავებაში. ასევე ჩატარდა ცნობიერების ამაღლების 5 სემინარი გორში, კასპში, დუშეთსა და ხაშურში, სადაც ჯამში მონაწილეობა მიიღო 172-მა ახალგაზრდამ. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდული ბანაკიც, რომელშიც გარემოსდაცვით აქტივობებში 120-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გარემოსდაცვით პატრულირებასა და დასუფთავების ღონისძიებებს. ა.თ.ე.ა-მ განახორციელა 20 გარემოსდაცვითი პატრულირების აქტივობა ხმელეთსა და წყალზე სამ საპილოტე რეგიონში — შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, სადაც დაფიქსირდა პლასტმასისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება. ადგილობრივი დასუფთავების აქციებში, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა. შეგროვებული მონაცემები აიტვირთა BeECO აპლიკაციაში, რაც უზრუნველყოფს სისტემატურ მონიტორინგს და ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას დაბინძურების ეფექტიან მართვაში.
EcoYOU პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ა.თ.ე.ა-მ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში მოლდოვაში (კაჰული) და რუმინეთში (გალაცი, კონსტანცა), მათ შორის ახალგაზრდულ ბანაკებში, მრგვალი მაგიდის დისკუსიებსა და დასუფთავების კამპანიებში. აღნიშნულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ეკო-მეგობრული ლიდერობის განვითარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთან, პროექტის ფარგლებში შეტანილმა წვლილმა ერთობლივ კვლევებსა და Blue Map პორტალზე უზრუნველყო გარემოსდაცვითი მართვისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებისა და მონაცემებზე დაყრდნობილი ინფორმირების ინსტრუმენტების შემუშავება.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების მიმართულებით.
პროექტი EcoYOU ითვალისწინებდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანა იყო, საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით, ეფექტურად დაეფარათ დაბინძურების პრობლემები.
