საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 11–12 დეკემბერს, ქ. ბათუმში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა აჭარის ა.რ., სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პროექტის ,, ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” წამყვანი კონსულტანტი თამარ ფრანგიშვილი, რომელმაც შეხვედრის ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია — „ქალისა და კაცის სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებისთვის: ინდიკატორების მინიმალური სია“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქალისა და კაცის სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს, კერძოდ, დროის გამოყენების გამოკვლევისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის მეთოდოლოგიურ მიმოხილვასა და ძირითად მიგნებებს. ასევე, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს ქალისა და კაცის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებული საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.
