4 დეკემბერს, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობათა გაერთიანების (UCLG ASPAC) ტურიზმის კომიტეტის მე-4 კონგრესი და საბჭოს მე-7 შეხვედრა. ღონისძიების მთავარი მიზანი ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და წევრ ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გაძლიერება იყო.
კონგრესზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ა.თ.ე.ა) წარმოადგენდნენ ორგანიზაციის ოფიციალური დელეგატი CORLEAP -ში და PLATFORMA-ში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან აბაშიძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და მისი მოადგილე ტატიანა ბოკუჩავა.
შეხვედრაზე განხილული იყო წლიური ანგარიშები, ტურიზმის განვითარების ინიციატივები და 2026 წლის პრიორიტეტები. ახალი წევრების წარდგენის სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლევან აბაშიძემ.
დელეგატმა ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო პლატფორმებთან, კერძოდ: ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან, CEMR-თან, PLATFORMA-სთან, CORLEAP-თან, ასევე UCLG-ის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მის ევროპულ სექციასთან.
ლევან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო UCLG ASPAC-ის ტურიზმის კომიტეტის როლს და განაცხადა, რომ მისი წევრობა ქართულ მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად გააღრმავონ და გააფართოონ თანამშრომლობა აზიის ქვეყნებთან.
„ჩვენ გვჯერა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განსხვავებულ კულტურებს შორის დაახლოებას, გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორივე მხრიდან, რაც გახდება საფუძველი ეკონომიკური განვითარების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, — განაცხადა ლევან აბაშიძემ და დასძინა, რომ ა.თ.ე.ა მზადაა ინტენსიური და ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის UCLG ASPAC-ის ტურიზმის კომიტეტთან.
შეხვედრის პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციებს, გამოცდილების გაზიარებას, დისკუსიებსა და ტრენინგ-სესიებს.
აღსანიშნავია, რომ ა.თ.ე.ა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად გაწევრიანდა UCLG ASPAC-ის ტურიზმის კომიტეტში, შესაბამისად, 4 დეკემბერს გამართული ღონისძიება ასოციაციის პირველი ოფიციალური ჩართულობა იყო ამ პლატფორმაში.
