საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე მე-10 გლობალურ სტატისტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) ორგანიზებით იმართება, ერთ-ერთ მთავარ თემას პოლიტიკის დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის გენდერული მონაცემების მნიშვნელობაზე მსჯელობა წარმოადგენდა.
ნინო რუხაძემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტებისთვის, რაც აუცილებელია დაბალანსებული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფისთვის ადგილობრივ პოლიტიკაში.
ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი რგოლია, ამიტომ მათ პირველ რიგში სჭირდებათ ცოდნის ამაღლება მონაცემების პროაქტიული შეგროვებისა და ანალიზითვის.
,, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ, რა მონაცემები უნდა მოიპოვონ და როგორ უნდა გადაიტანონ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ნინო რუხაძემ.
ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული მიმართულებით ასოციაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
,,ა.თ.ე.ა.-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქსტატის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით შეიმუშავა ინდიკატორები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს აძლევს საშუალებას მოიპოვონ მონაცემები, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკის დაგეგმვისას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ერთობლივად ჩავუტარეთ ტრენინგები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინდიკატორები უკვე აქტიურადაა ინტეგრირებული მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორის, ინდიკატორები ინტეგრირებულია ქალთა და ბავშთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოების სამოქმედო გეგმაში, რომელიც ა.თ.ე.ა.-მ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და დარგის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა“, – აღნიშნა ნინო რუხაძემ.
ფორუმი 1-3 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მას 30-მდე ქვეყნისა და 17 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცვლისთვის გენდერული სტატისტიკის სფეროში.
ღონისძიების დევიზია „ცვლილებების მართვა გენდერული სტატისტიკის საშუალებით: გზა თანასწორობისკენ“ და ის გაეროს გენდერული სტატისტიკის გლობალური პროგრამის ფარგლებში იმართება. ფორუმზე განიხილება გენდერული თანასწორობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი სრულფასოვანი მონაწილეობა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში, ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობისა და სტერეოტიპების დაძლევა, მიგრაციის გენდერული ასპექტები და შრომის სტატისტიკის, დროის გამოყენებისა და ანაზღაურებადი/აუნაზღაურებელი შრომის საკითხები.