სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ა.თ.ე.ა.) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული კოორდინატორების ფორუმი მიმდინარეობს.
ოთხდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და მოხალისეობის განვითარება.
ფორუმი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გახსნეს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნინო რუხაძემ კი, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობას და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობას ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და თვითმმართველობაში ჩართულობის უზრუნველყოფის პროცესში. ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ის პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება და აღნიშნა, რომ მიმდინარე ფორუმი მუნიციპალიტეტებისთვის მხარდაჭერის კარგი მაგალითია.
„თანამშრომლობა სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის უკვე არსებობს, თუმცა კიდევ მრავალი აუთვისებელი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ურთიერთობები ახალ, კიდევ უფრო ხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. სწორედ აქ ხედავს ასოციაცია საკუთარ როლს და მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ თანამშრომლობის განვითარებაში,“ — განაცხადა მან.
ნინო რუხაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ახალგაზრდული პოლიტიკის იმ მიზნებისა და ამოცანების სრულფასოვნად განხორციელება, რომლებიც სახელმწიფოს სტრატეგიულ დოკუმენტებშია განსაზღვრული. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ამ ამოცანების შესრულება.
„ასოციაცია მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმი, რომელიც ა.თ.ე.ა.-სა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმდა,“ — აღნიშნა ნინო რუხაძემ.
ფორუმს ესწრება 55 მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული კოორდინატორი — ის პირები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობაა ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.