საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა.) ინტერმუნიციპარული სოციალური პლატფორმის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს რეგიონულ შეხვედრებს, რაც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტებს გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ არსებულ გამოწვევებზე და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი გადაწყვეტილებები.
ამჯერად შეხვედრა მოეწყო სენაკის მუნიციპალიტეტში, რომელშიც სამეგრელო – ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველი ნაწილი, რომელსაც ა.თ.ე.ა-ს ექსპერტი და ევროსაბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ნინო ზურაბიშვილი უძღვებოდა, სრულად დაეთმო პერსონალური ასისტენტის სერვისის დელეგირების მიმდინარე პროცესის გაცნობას და არსებული გამოწვევების განხილვას. სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევისა და სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფის პრაქტიკულ გზებზე.
შეხვედრა ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესაბამისი უწყებებისგან მიეღოთ კონკრეტული პასუხები სერვისთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე.
შეხვედრის მეორე სესია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სოციალურ გამოწვევებს მიეძღვნა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებმა – ნინო დავითაშვილმა და ნინო ძოწენიძემ დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებების გავლენისა და შოკებზე რეაგირების მუნიციპალური პროგრამების, მათ შორის, სითბური ტალღებისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობისა და ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების მსგავსად, ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონშიც ფუნქციონირებს.