2025 წლის 23–24 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, გაიმართა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ლიდერთა სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – ნერიმან ცინცაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ხომერიკმა.
ღონისძიების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლის განმტკიცება.
სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ქეთევან ხომერიკი. ქართველმა დელეგატმა საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარა საქართველოს გამოცდილება, ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე. მანვე აქცენტი გააკეთა ქვეყნის პროგრესზე — განათლების, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ მთავრობასთან, რათა არც ერთი რეგიონი და მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.
ქეთევან ხომერიკმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზგასმით ისაუბრა საქართველოს ევროპულ კურსზე და ძირითად ღირებულებებზე.
„ჩვენ ვირჩევთ და მტკიცედ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს — თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მშვიდობას” – განაცხადა ქეთევან ხომერიკმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
სამიტის ფარგლებში გაიმართა CEMR-ის პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და მაღალი დონის დისკუსიები, რომელშიც ქართველ დელეგატებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF) მსჯელობას. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აუცილებლობას, რომ ევროკავშირმა და ეროვნულმა ინსტიტუტებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ და რეგიონულ დონეებთან. მათი შეფასებით, სწორედ ასეთი თანამშრომლობა უზრუნველყოფს უფრო მდგრადი, ინკლუზიური და ეკონომიკურად ძლიერი ევროპის განვითარებას.
ღონისძიების დღის წესრიგი ასევე მოიცავდა გარემოსდაცვით საკითხებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო ისეთი სტრატეგიული მიმართულებები, როგორებიცაა ენერგორესურსების გონივრული გამოყენება, წყლის რესურსების მდგრადი მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება. მონაწილეთა აზრით, ეს მიმართულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული მომავლის ეკოლოგიური და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის ფარგლებში დელეგატებმა მოინახულეს სკანდინავიის უდიდესი წყლის გამწმენდი ნაგებობა — VEAS, სადაც ადგილზე გაეცნენ ნორვეგიაში განხორციელებულ ეკოინოვაციურ პროექტებსა და წარმატებულ პრაქტიკებს.
სამიტის შეჯამებისას მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ადგილობრივი თვითმმართველობების გადამწყვეტ როლს, როგორც დემოკრატიის განმტკიცების, ისე მდგრადი განვითარების პროცესებში და გამოხატეს მზადყოფნა გააღრმაონ თანამშრომლობა ევროკავშირსა და ეროვნულ ინსტიტუტებთან.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის (KS) მიერ.