პროექტის „აგრო-თესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის – SEEDGUARD“ ფარგლებში, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორდღიანი სასწავლო ტური გაიმართა.
სასწავლო ტური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით მოეწყო და მასში ჩართულნი იყვნენ ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი პარტნიორები ადგილობრივ ფერმერებს, თესლის მწარმოებლებსა და აგრომეწარმეებს შეხვდნენ.
10 აპრილს, სტუმრები ეწვივნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში — წილკანსა და ჯიღაურაში არსებულ ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს. პროექტის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია და გაიცნეს ის პრაქტიკები, რომლებიც საქართველოში ვაზის საკოლექციო ნარგაობის, ძველი ბოსტნეულის ჯიშებისა და ტრადიციული ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.
11 აპრილს, დელეგაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა, სადაც სტუმრებს დეტალურად წარუდგინეს ადგილობრივი თესლის მწარმოებლებისა და ფერმერების საქმიანობა, ასევე ის მიღწევები, რაც საქართველოში ხორბლის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება.
ტურის ფარგლებში, უცხოელმა პარტნიორებმა მოინახულეს სოფელ მარადისში მოქმედი ქალთა კოოპერატივი „მწვანე მარადისი“. მათ დაათვალიერეს სადემონსტრაციო ნაკვეთი და ადგილზე გაეცნენ ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების ტექნოლოგიებსა და სასათბურე მეურნეობის სამუშაო პროცესს.
სასწავლო ტური კოლეჯში „მოდუსი“ დასრულდა, სადაც დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თესლის მწარმოებლების და ადგილობრივი აგრომეწარმეების საქმიანობის, ასევე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.
პროექტი SEEDGUARD ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციები: ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (ბულგარეთი-წამყვანი პარტნიორი); აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (თურქეთი); ასოციაცია Global Project (რუმინეთი) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (საქართველო).
პროექტის მიზანია ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და თესლის დაცვა, აგრობიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების შენარჩუნება, აგრეთვე სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესება.
SEEDGUARD-ი, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას, რაც გულისხმობს ადგილობრივი თემის მონაწილეობით ძველი, ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციებისა და ბანკების შექმნას.
#seedguard