1-2 აპრილს, ქ. სევილიაში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოდან PLATFORMA-ის წევრები – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან აბაშიძე იყვნენ ჩართულნი.
შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემად ახალი მულტიფინანსური ჩარჩო (MFF) და ევროკავშირის საგარეო ქმედებები განიხილებოდა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქართული დელეგაციის წევრმა.
თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, ქართული მხარე შეშფოთებულია LRG-ების ბიუჯეტის შემცირებით გლობალურად და განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებში. მისივე განმარტებით, ევროკავშირის გაფართოების პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
,,2028-2034 წლებში ევროკავშირის ფინანსური პრიორიტეტების MFF კომუნიკაციის განხილვის შემდეგ, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული LRG-ების ბიუჯეტის შემცირებით გლობალურად და განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებში. ევროკავშირის გაფართოების პროცესი, უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ადგილობრივი და რეგიონული მთავრობებისთვის (LRGs) გამოყოფილმა ბიუჯეტმა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი როლი MFF-ის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების წინა და ზრდის გეგმებში, უნდა გააძლიეროს ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიები. უკვე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად ა.თ.ე.ა, რომლის მთავარი როლი არის საქალაქო დიპლომატიის განვითარება და ისეთ ევროპულ ორგანიზაციებსა და ქსელებს შორის კავშირების ხელშეწყობა, როგორიცაა CEMR და PLATFORMA, საჭიროებენ მათი შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას. დეცენტრალიზებული თანამშრომლობა, მათ შორის ქალაქიდან ქალაქში პარტნიორობა და P2P გაცვლა, გადამწყვეტია ევროკავშირში ინტეგრაციის უფრო სწრაფი პროცესის წარსამართად. ასევე ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს სხვა ადგილობრივი ხელისუფლების გამოცდილების პირდაპირი გაზიარება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირს ახლახან შეუერთდნენ და წარსულში უკვე წარმატებით გაიარეს ეს პროცედურები“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.
PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გახსნა PLATFORMA-ს დირექტორმა, ბორის ტონჰაუზერმა, რომელმაც მომავალი MFF-ში ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. CEMR-ის გენერალური მდივანმა, ფაბრიციო როსიმ კი წარადგინა PLATFORMA-ს პოზიციის დოკუმენტი, სადაც განიხილეს, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ჩართულობა ევროკავშირის საგარეო ქმედებებში.