მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის ,,აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი დასრულდა.
პროექტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მის მიზანს ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვა, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესება წარმოადგენს.
სემინარის მეორე დღეს მონაწილეები პროექტის კოორდინატორთან, ნინო ზურაბიშვილთან და ექსპერტთან, თათია ხოსიტაშვილთან ერთად ადგილობრივი თესლის ბანკის შექმნის შესაძლებლობებსა და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კარგ პრაქტიკებს გაეცნენ. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს პროექტის სამომავლო გეგმები.
ტრენინგი სათბურების დათვალიერებით დასრულდა. სემინარის მონაწილეები კოლეჯის ,,მოდუსი“ და ,,მწვანე მარადისის კოოპერატივის“ სათბურებს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ტექნოლოგიურ სერვისებს.
პროექტი ,, აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – ადგილობრივი თემის მონაწილეობით ძველი ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების დაარსებას.