საკანონმდებლო საქმიანობაში თვითმმართველობების ჩართულობის გაზრდისა და მრავალდონიანი დიალოგის წარმართვის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები და სამომავლო პერსპექტივები.
ნინო რუხაძემ ირაკლი ქადაგიშვილს მიაწოდა ინფორმაცია სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის შექმნის შესახებ და გააცნო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
კერძოდ, მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან დაკომპლექტებული კომიტეტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას, თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე დასკვნებისა და შენიშვნების მომზადებასა და წარდგენას. ასევე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას, მათი შესაბამის ორგანოებში წარდგენას და განხილვის პროცესში მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვასა და დეცენტრალიზაციის პროცესს.
მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში მოხდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ათეა-ს პლატფორმის მეშვეობით, ადგილობრივი თვითმმართველობების მყისიერი ინფორმირება მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ.
ამ ნაბიჯით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა სწრაფად და ზუსტად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც გაამარტივებს კოორდინაციას და ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობას.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე და ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი.
Add comment