პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) 6-7 თებერვალს სემინარები გამართა გორის, კასპის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის.
დმანისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა. შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე, ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, მარიამ ჯინჭარაძე და აღნიშნული თემით დაინტერესებული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.
სესიებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ გარემოს დაცვის სამეცნიერო, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ გამოწვევებზე როგორებიცაა: ხმელეთის და წყლის ეკოსისტემის დაბინძურება, ნარჩენების მართვა, მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა და სოფლის მეურნეობაში მიღებული ტრადიციული პრაქტიკების არაეფექტურობა.
შეხვედრების ბოლოს მოეწყო დისკუსები, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე.
ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტი ხელს უწყობს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების აქტივობების ეფექტურობას.
ტრენინგებს დმანისსა და ბოლნისში გარემოს დაცვის ექსპერტი, ხათუნა ახალაია უძღვებოდა, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში გამართული სემინარები კი, ტრენერმა გარემოს დაცვის მიმართულებით, სოსო მეზვრიშვილმა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით შავი ზღვის აუზის პროგრამის Interreg NEXT-ის ფარგლებში მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ახორციელებს.
პროექტის მიზანია თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში.
Add comment