თბილისი ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს.
დედაქალაქის მერის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის – კახა კალაძის მოწვევით, თბილისს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, ასევე 46 ევროპული ქვეყნიდან წარმოდგენილი 100- მდე დელეგატი ეწვია.
მაღალი დონის ღონისძიება ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტიბო გუინიარდთან ერთად გახსნა.
ათეა-ს ხელმძღვანელმა მონიტორინგის კომიტეტის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყანაში განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ადგილობრივი დემოკრატიის უკეთ განხორციელებას მოიცავს.
მისივე განცხადებით, საქართველო აფასებს შესაძლებლობას, შეხვედრის ფარგლებში განიხილოს ის გამოწვევები, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია უქმნის ადგილობრივ დემოკრატიას.
,,საქართველო ნათელი მაგალითია იმისა თუ რა სიმძიმე ახლავს ოკუპაციას’’- აღნიშნა ტიბო გუინიარდმა, მასპინძლებს აღნიშნული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.
ღონისძიებაზე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების – კასპისა და ზუგდიდის მერები – ვახტანგ მაისურაძე და მამუკა წოწერია.
გამომსვლელებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიზნით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ევროპელ კოლეგებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი რთული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მათი განცხადებით, რუსეთი იყენებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროვოკაციებს, როგორც ჰიბრიდულ იარაღს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, რაც მზარდ მილიტარიზაციას, საჰაერო სივრცის დარღვევებს, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების ხელყოფას, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების ინტენსიურობას, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ქართულ ენაზე განათლების მიღებასა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა სისტემებში ინტეგრაციას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების და ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას მოიცავს.
აღნიშნული ღონისძიება სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია – თბილისი“ მოეწყო.
Add comment