საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტებისთვის ახალციხეში სამუშაო შეხვედრა ,,მუნიციპალიტეტების როლი სოციალური პროგრამირების და მომსახურებების განვითარებაში ბავშვების და ოჯახების კეთილდღეობისთვის“ გაიმართა.
ღონისძიება 18 სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი.
სამუშაო შეხვედრა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად გახსნა.
გამომსვლელებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მუნიციპალიტეტების გაძლიერების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ათეა-ს ექსპერტები, ნინო ზურაბიშვილი და დავით მელუა .
აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მუნიციპალიტეტების შესახებ, რომელიც ათეა-სთან პარტნიორობით განხორციელდა, მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი, დეცენტრალიზებული, ბავშვზე ორიენტირებული და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების გაძლიერებას და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებას, რაც ბავშვებისა და მათი ოჯახების უკეთესი დახმარების გაწევას გულისხმობს.
პირველი სესია თემას – ,,მუნიციპალური სოციალური პროგრამების განვითარება ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის’’დაეთმო, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ათეა-ს ერთობლივი პროექტის მიღწევებზე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა, ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის შედეგად:
· 18 საპილოტე მუნიციპალიტეტმა ისწავლა საჭიროებებზე დაფუძნებული და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავება ყველაზე დაუცველი ბავშვიანი ოჯახების მხარდასაჭერად. სოციალური პროგრამები ეფუძნებოდა ოჯახებისა და ბავშვების საჭიროებების შეფასებას, რამაც საშუალება მისცა საპილოტე მუნიციპალიტეტებს, რეაგირება მოეხდინათ ადგილობრივი თემების საჭიროებებზე შესაბამისი ინიციატივების განხორციელებით.
· სოციალური პროგრამების დაგეგმვის შესახებ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალური პლატფორმა. ამჟამად მიმდინარეობს სერვისების ერთიანი მიწოდების სისტემის პილოტირება რეგიონში და მოგვიანებით გაფართოვდება სხვა რეგიონებშიც.
· ჩატარდა ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი ბავშვების და ოჯახების სოციალურ დაცვაში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მხრივ არსებული ბარიერების გამოსავლენად.
· ცენტრალურმა მთავრობამ აღიარა საჭიროებებზე დაფუძნებული და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა სოციალური პროგრამირების საუკეთესო პრაქტიკად და მოუწოდა ყველა მუნიციპალიტეტს მსგავსი მიდგომები გამოიყენონ.
· მუნიციპალური სოციალური სამუშაოს სიტუაციური ანალიზი ჩატარდა 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში და შემუშავდა კონცეფცია მუნიციპალური სოციალური სამუშაოს და სერვისების გასაძლიერებლად.
· 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში შემუშავდა და დაინერგა მშობლების განათლებისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისის მოდელი.
ცნობისთვის, ინიციატივა ეხმაურება 2019 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტების ახალ როლს. კოდექსის თანახმად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ გაჭირვებული ოჯახების და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა თემში არსებული სოციალური სამუშაოსა და სოციალური სერვისების მეშვეობით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა შეეძლოთ საზოგადოებაში სოციალური საჭიროებების გამოვლენა და მათი მოგვარება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავებით.
Add comment