სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარული სესია მიმდინარეობს, რომელშიც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი არიან ჩართულნი.
სესიას ქართული მხრიდან ასევე ესწრებიან ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში – CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ გორდულაძე.
პლენარული სესია კონგრესის პრეზიდენტმა, მარკ ქულსიმ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში თემაზე:- რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამავე სხდომაზე კენჭი ეყარა დეკლარაციის პროექტს უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ.
სხდომის მონაწილეებმა, ასევე დეტალურად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები, როგორც კანონის უზენაესობის მოქმედი პირები და გარანტორები; გარემოსდაცვითი საკითხები; კლიმატური რისკები; გაეროს მომავლის სამიტი; ჩარჩო კონვენციის პროექტი ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე და სხვ.
კონგრესის 46-ე პლენარული სესიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება იტალიის, ნორვეგიის, ანდორის, მონტენეგროს, საფრანგეთისა და ხორვატიის ადგილობრივ თვითმმართველობებში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიშები. კონგრესის წევრები ასევე გაეცნობიან და კენჭს უყრიან მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. სესიის მსვლელობისას დაგეგმილია მოსაზრებების გაზიარება თემაზე: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლი ბელარუსული დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში.
Add comment