მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თბილისში, ტრენინგი თემაზე: სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები, გაიმართა.
ორდღიანი სემინარი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით მოეწყო და მასში, დუშეთის სიღნაღის, ასპინძისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ტრენინგის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და პროექტის„პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საქართველოში“ დირექტორმა, დავით მელუამ.
გამომსვლელების განცხადებით, ათეამ, აიღო ვალდებულება ორგანიზება გაუწიოს ტრენინგებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაბამისი საკითხის კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვითმმართველ ერთეულებში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ტრენინგი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მოეწყო და სამშენებლო თემატკაც, სწორედ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგად შეირჩა.
სემინარის მონაწილეებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ათეას საკონსულტაციო სერვისის დანერგვის შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გულისხმობს.
ტრენინგს, სამშენებლო სამართლის ექსპერტები, უჩა ზაქაშვილი, თამარ გვიჩიანი და ნინო იოსელიანი უძღვებოდნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ქალაქმშენებლობითი კანონმდებლობა და მშენებლობის დასაშვებობის წინაპირობები.
სემინარი დისკუსიის ფონზე წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადეოებას საშუალება მიეცა, საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ექსპერტებთან ერთად ემსჯელა.
ტრენინგს, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ, ათეას ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე.
Add comment