საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVI სხდომა მოიწვია
შეხვედრაზე, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, სხვა საკითხებთან ერთად, ასოციაციის მესამე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურისა და ათეას აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ათეას მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე დაიკავებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე აქტიურადაა ჩართული ათეას საქმიანობაში და მისი ვიცე-პრეზიდენტად არჩევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად წაადგება ასოციაციის მუშაობას.
დამსწრე საზოგადოებამ, ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის კანდიდატურას.
ნინო რუხაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომელიც ათეამ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის, ასევე დაკომპლექტდა კომისია, რომელშიც აღმასრულებელი საბჭოს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შედიოდნენ.
კენჭისყრის შემდეგ, ათეას ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
სხდომაზე, ათეას ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მიერ გაწეული საქმიანობაც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დავით მელუა ასოციაციაში პროექტების მიმართულებით იმუშავებს და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, კვლავ დაიცავს ათეასა და მისი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს.
თავის მხრივ, დავით მელუამ, აღმასრულებელი საბჭოს წევრებსა და ათეას გუნდს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ქალბატონებს ახალ თანამდებობებზე წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ იგი კვლავ რჩება ათეასა და ორგანიზაციის წევრი საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდამჭერი.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის საწევრო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს და ათეას გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
აღნიშნული დოკუმენტი აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, პროექტის ,, ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანმა კონსულტანტმა, თამარ ფრანგიშვილმა წარუდგინა.
სამოქმედო გეგმის განხილვამდე, პროექტის წარმომადგენელმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესა და ნინო რუხაძეს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და დღევანდელ სხდომზე ლიდერ პოზიციებზე ქალი კანდიდატების მხადაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თამარ ფრანგიშვილმა, ასევე დეტალურად მიმოიხილა დოკუმენტი და აღნიშნა, რომ ასოციაციის გენდერული თანასწორობის, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, როგორც ათეა-ს ინსტიტუციურ გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ისე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში.
მისივე განმარტებით, გეგმით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შესრულების ინსტრუმენტის, სექსუალური შევიწროების მექანიზმის დანერგვას და ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირებას. აქტივობები ასევე გულისხმობს გადამზადების სესიების ორგანიზებას მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის.
სხდომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ლაშა არჩვაძე და ტატიანა ბოკუჩავა, ასევე პროექტის ადგილობრივი კონსულტანტები და ასოციაციის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა გაიმართა პროექტის “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში”, ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
Add comment