საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ევროსაბჭოს კონგრესის დელეგატებთან, თბილისის საკრებულოს წევრებთან, ლევან ჟორჟოლიანთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის და კონგრესის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა, ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს კონგრესს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
დღესვე, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონგრესის მხარდაჭერა.
თავის მხრივ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ მათი მხარდაჭერა დაადასტურეს და საკრებულოს წევრებს კონგრესის სამომავლო ხედვებზე, გეგმებსა და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა, ასევე ივნისში, თბილისში დაგეგმილი კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას,რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა და პროექტის უფროსი ოფიცერი, ნინა გელაშვილი.
Add comment