სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიაზე განსახილველ საკითხებს შორის, ერთ-ერთ ძირითად თემას ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში, რეგიონების როლი წარმოადგენდა.
აღნიშნულ საკითხზე გამართულ დებატებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი – ლევან ჟორჟოლიანი ჩართო და განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, ევროკავშირის ენერგო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.
“როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, როგორც ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან ასევე ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას, რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას. რუსეთი არ არის საქართველოს ენერგო მომარაგების მთავარი წყარო – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საქართველო – რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ერთ-ერთი წამყვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში.
„ეს, ასევე არის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოს პრიორიტეტულად სურს, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყო 2022 წლის 11 მაისს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. აღნიშნული კაბელი არამხოლოდ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას ახდენს და ამცირებს მიწოდებასთან დაკავშირებულ რისკს, არამედ ასევე, აქვს დიდი პოტენციალი საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის გენერირებისთვის. მიზანია ქვეყანაში განახლებადი ენერგო რესურსების მაქსიმალურად გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, და იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება სუფთა ენერგიის ჭარბად წარმოებას, ქვეყანა შეძლებს ევროკავშირში მის ექსპორტირებას აღნიშნული წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ახალი ინიციატივა განახლებადი ენერგიის წარმოებაზე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ კუთხით საქართველოს რეგიონების განვითარებაში.
ეს პროექტი სასარგებლო იქნება როგორც მთლიანად ევროპისთვის, რომ გავზარდოთ ენერგო დამოუკიდებლობა, ასევე, სუფთა ენერგიის გამოყენებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის გამანადგურებელ შედეგებს ყოველდღიურად ვგრძნობთ“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
Add comment