საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLIV სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ონლაინ სხდომაზე, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, ცნობად მიიღეს წერილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, დავით მელუას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, დავით მელუას ასოციაციაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მის ღვაწლს, როგორც ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით.
თავის მხრივ, საბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დავით მელუამ და განაცხადა, რომ იგი კვლავ რჩება ათეასა და ორგანიზაციის წევრი საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდამჭერი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დავით მელუა ასოციაციაში პროექტების მიმართულებით იმუშავებს და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, კვლავ დაიცავს ათეასა და მისი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესებს.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის წევრთა დამტკიცებაზეც იმსჯელეს.
მონაწილეთა გადაწყვეტილებით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირიდან ოფიციალურად განთავსდება შესაბამის პორტალებზე, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ვაკანტური პოზიციის პრიორიტეტები.
დღესვე დამტკიცდა შესაბამისი დებულება და ღია კენჭისყრით დაკომპლექტდა რვაკაციანი საკონკურსო კომისია, რომელშიც აღმასრულებელი საბჭოს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან.
სხდომის მონაწილეებმა, ასოციაციის საწევრო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებიც განიხილეს, დასასრულს კი,
საბჭოს წევრებმა, USAID – ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც TETRA TECH-ის მეშვეობით, ათეას გაძლიერების კუთხით იგეგმება.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, USAID – ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლაფლინმა და TETRA TECHI-ის წარმომადგენელმა, მარიკა გორგაძემ. პროგრამის მიზნებსა და სამომავლო ღონისძიებებზე კი, დეტალური პრეზენტაცია პროექტის ადგილობრივმა ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ ათეას აღმასრულებელი საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულების შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს.
Add comment