CORLEAP-ში საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, ბათუმში მაღალი დონის ღონისძიება გაიმართა.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრა, აჭარის ა.რ. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და ათეას ვიცე – პრეზიდენტმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ასევე ჩეხეთის ქალაქ რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდამ და CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ გახსნეს.
გამომსვლელებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ღირებულებებზე ისაუბრეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
,,მოხარული ვარ, რომ ბათუმი ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას მასპინძლობს. დღევანდელი ფორმატი უდიდეს შესაძლებლობას იძლევა, რომ განვიხილოთ ქალაქებისა და რეგიონების წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის, თანამშრომლობის განვითარებაში. განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, რაც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, თანამშრომლობითა და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებით მიიღწევა. აღმოსავლეთ პარტნიორობა მნიშვნელოვანი ფორმატია რეგიონული პარტნიორების გაერთიანებისთვის და მივესალმები ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას”, განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ზურაბ აბაშიძემ კი, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) უაღრესად ღირებული ფორმატია, რომლის მეშვეობითაც, წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიეღო.
ზურაბ აბაშიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ფორმატი არ იყო შექმნილი, როგორც ევროკავშირის გაფართოების მექანიზმი, ის მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.
„ჩვენ მტკიცედ ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულნი და გვჯერა, რომ მას აქვს პოტენციალი, მოემსახუროს რეგიონს, როგორც პოლიტიკის წარმოების ღირებული და მოქნილი საერთო ჩარჩო, რომელიც ეფუძნება წევრების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. დღევანდელ მკვეთრად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიგვაჩნია, სწორედ დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ამ მხრივ კარგი მაგალითი შეიძლება იყოს შავი ზღვის ფლაგმანი პროექტები. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყანა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ენერგორესურსების, ტრანსპორტის/ლოგისტიკური და ციფრული კავშირების განვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველო მხარს უჭერს პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის შენარჩუნებას,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართა CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს წევრმა.
ნინო რუხაძემ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლიაკისრია.
CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტმა კოოპერაციის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
„თანამშრომლობა ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყნებს შორის გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება, თუ ამ თანამშრომლობაში ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთვებიან. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისსაქმეში მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შესატანი“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
შეხვედრის დასასრულს, ახალი თანათავმჯდომარის წარდგენა მოხდა. აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსი, საქართველომ ამჯერად უკრაინას გადააბარა.
ღონისძიებაში CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 – მდე დელეგატი, ასევე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში, CORLEAP-ში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში წარდგენილი დელეგაციის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
Add comment