საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის – ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრას მასპინძლობს.
CORLEAP-ში საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, ბათუმში მაღალი დონის ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 – მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში, CORLEAP-ში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.
შეხვედრა, გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის ა.რ. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და ათეას ვიცე – პრეზიდენტმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ასევე ჩეხეთის ქალაქ რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდამ და CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიება რამდენიმე სესიად დაიყო. სადაც ყურადღება გამახვილდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე, ასევე მოქალაქეებთან ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგზე.
დღესვე, დელეგატები განიხილავენ და დაამტკიცებენ CORLEAP-ის 2023-2024 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმას, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება ანგარიში, CORLEAP-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დელეგაციის ხელმძღვანელი დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს CORLEAP-ის ანგარიშს თემაზე “ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ დონეზე: რა მოგვცა დადებითი COVID 19 პანდემიამ”.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართება ახალი თანათავმჯდომარის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსს, საქართველო ამჯერად უკრაინას გადასცემს.
ღონისძიებაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში, CORLEAP-ში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში წარდგენილი დელეგაციის წევრები – ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი ოთარ გრიგოლია, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი – ნინო რუხაძე, ასევე რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და ზუგდიდისა და ოზურგეთის საკრებულოების წარმომადგენლები, სანდრო სორდია და მარიამ ჩხიკვიშვილი იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას ესწრებიან, ანგარიშის – “ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ დონეზე” რა მოგვცა დადებითი COVID 19 პანდემიამ” თანაავტორი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ნინო ზურაბიშვილი და ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ტატიანა ბოკუჩავა და ლაშა არჩვაძე.
8 სექტემბერს, დაგეგმილია კონფერენციის – ,,მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში” გამართვა, რომელშიც CORLEAP-ის დელეგატებთან ერთად, ათეას წევრი მუნიციპალიტეტების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის მარტში დაამტკიცა.
Add comment