საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, 2023 წლის 17-20 ოქტომბერს, თბილისში აწყობს ტრენერთა ტრენინგს ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე.
ტრენერთა ტრენინგის მიზანია შექმნას ბაზა, რომელშიც გაერთიანდებიან ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ტრენერები. მათი მომავალი საქმიანობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში, მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტად ჩართულობის მოტივაციის გაზრდას.
ტრენერთა ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გათვიცნობიერდებიან ადამიანის უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიას შორის ურთიერთმიმართებაზე, განავითარებენ რბილ უნარებს და ასევე, ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო აქტივობების განსახორციელებელ გარდამავალ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იქნებიან აუცილებელი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ ახალგაზრდებზე მორგებული სასწავლო კურიკულუმები შეიმუშაონ.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სრულად შევსებული აპლიკაციის ფორმა, CV-სთან ერთად, ინგლისურ ენაზე უნდა გააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Georgia.localgov@coe.int სათაურის გრაფაში მიუთითეთ: Youth Training of Trainers Application Form.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 სექტემბერი, 23:59 (სტრასბურგის დროით).
დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილეთ განაცხადის დოკუმენტში.
ტრენერების ტრენინგი არის მთელი რიგი აქტივობების საწყისი ეტაპი, რომლებიც მიმართულია საქართველოში ახალგაზრდა ადგილობრივი ლიდერების შესაძლებლობების განვითარებაზე და ორგანიზებულია პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება” ფარგლებში, რაც თავის მხრივ, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Add comment