ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სემინარი ორგანიზატორების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის – “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომლის აუდიტორიასაც 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე თვითმმართველ ერთეულებში ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე პირები, ათეას ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები, ასოციაციის აპარატისა და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
ათეას ვიცე პრეზიდენტთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ბავშვთა და მდგრად ქალაქთა საკითხებზე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მომხსენებელმა – ბრიჯიტ ვან დერ ბერგმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ – თამარ გვარამაძემ.
გამომსვლელებმა, შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბავშვთა დაცვის მიმართულებით ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლზე, მათ შორის საჭირო პროგრამებისა და სერვისების მიწოდების მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
გიორგი ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ათეას, როგორც მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სემინარს, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელთან, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსთან – მარიტე მორასთან ერთად, მოდერაციას უწევდნენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები – ვანესა სედლეზკი, ნინო ზურაბიშვილი და ანა არგანაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად გასცნობოდნენ ადამიანის უფლებების უნივერსალურ პრინციპებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობაში, სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის, შესრულებისა და ხელშეწყობის მიზნით განიხილება.
სესიები, ასევე დაეთმო ბავშვის უფლებების შესახებ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოებით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების მიმოხილვას. ბავშვთა უფლებების კოდექსში არსებული სიახლეებისა და ბავშვის მიმართ მგრძნობიარე მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიების გაზიარებას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მოკლე პრეზენტაციებიც, რომლებიც კოლეგებს ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლელა სურმანიძემ, ასევე ქუთაისის ვიცე-მერმა – თამარ დახუნდარიძემ და ამსტერდამის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისის მკვლევარმა – რობერტ მეინდერსმა გაუზიარეს.
ბოლო სესიაზე კი, ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებების მიმართულებით მუნიციპალური სამართლებრივი აქტების გავლენის შეფასებაზე. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო საკონტროლო სიაც, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის წარმომადგენლებმა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობითა და ადგილობრივი კონტექსტისა და სპეციფიკის გათვალისწინებით შეიმუშავეს.
შეხვედრა ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ, მარიტე მორასიმ, ასევე საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის უფროსმა ოფიცერმა – ნინა გელაშვილმა შეაჯამეს და სემინარის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, ევროპის საბჭოს 20202023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
Add comment